მუხლი 6. სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში
პუნქტი 1. მეორე უცხოური ენა დაწყებით საფეხურზე
ქვეპუნქტი 1. მეორე უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:
მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
მეორე უცხოურ ენაზე ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.
მიმართულებების აღწერა
დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება სამი მიმართულებით უნდა გაიშალოს:
1. კომუნიკაცია (მოსმენა/მოსმენა-ყურება, კითხვა, წერა, ლაპარაკი),
2. უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება,
3. კულტურათა დიალოგი.
1. მიმართულება: კომუნიკაცია
მოსმენა/მოსმენა-ყურება - ამ ეტაპზე მოსმენა მეორე უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს წარმოადგენს, ამიტომ სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი წარმოთქმის ჩამოსაყალიბებლად. მოსასმენი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვის, ამიტომ ტექსტები უნდა შეიცავდეს ნაცნობ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
კითხვა - მოსწავლეები მუშაობენ როგორც გაწაფულ კითხვაზე, ანუ კითხვის ტექნიკაზე, სიტყვების, წინადადებების გაშიფრვაზე, ისე - ტექსტების გაგებაზე. ტექსტის გაგების უნარის გასავარჯიშებლად, მოსწავლეები უნდა ჩავაყენოთ აქტიური მკითხველის მდგომარეობაში. ამისათვის მათ ტექსტის წაკითხვამდე უნდა მივცეთ კონკრეტული საკითხავი ამოცანა, რომლის გადაჭრაც აიძულებს მათ კითხვისას სააზროვნო ოპერაციების წარმოებას;
წერა - აღნიშნულ ეტაპზე სწავლება, ძირითადად, რეპროდუცირებას დაეფუძნება. წერითი დავალებები მრავალფეროვან, სახალისო და შინაარსიან კონტექსტებზე უნდა აიგოს. წერა ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას.
ლაპარაკი – პირველ ეტაპზე სწავლების სტრატეგია მიმართულია რეპროდუცირებისკენ. რეპროდუცირების მიზანია სწორი წარმოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განმტკიცება. პროდუცირება შეზღუდული სახით მიმდინარეობს. მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ და უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს.
2. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
ეს მიმართულება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდას, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე მოქალაქეებთან თანამოღვაწეობას. მთავარი უნარი, რომლის განვითარებასაც უნდა მოემსახუროს ეს მიმართულება, კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრას გულისხმობს ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში. ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს ენობრივი და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანა. ამ ეტაპზე მოსწავლეები სამიზნე ქვეყნის კულტურულ და სოციოკულტურულ რეალიებზე განახორციელებენ საგანმანათლებლო პროექტებს.
3. მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება “კულტურათა დიალოგი".
მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, ამოიცნონ უცხო კულტურის თავისებურებები, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, შეაფასონ და პარალელები გაავლონ საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს კულტურული კუთვნილების განცდას გაუძლიერებს, საშუალებას მისცემს გააცნობიერონ კულტურული მრავალფეროვნება, ასწავლოს საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასება.
ქვეპუნქტი 2. V-VI კლასების სტანდარტი
ა) დაწყებითი საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდექსების განმარტება
სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების საფეხურსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., IIუცხ.დაწყ.1.:
„IIუცხ.“ - მიუთითებს საგანს „მეორე უცხოური ენა“;
„დაწყ.“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(II)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს V-VI კლასებს;
„1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
მეორე უცხოური ენის სტანდარტი
| ||
შედეგების ინდექსები
|
1. მიმართულება: კომუნიკაცია
| |
სტანდარტის შედეგები
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
| ||
IIუცხ.დაწყ.(II)1.
|
სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის ტექსტების გაგება.
|
მოსმენა/ მოსმენა-ყურება
|
IIუცხ.დაწყ.(II)2.
|
სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გასაადვილებლად.
| |
IIუცხ.დაწყ.(II)3.
|
გაწაფულად კითხვა.
|
კითხვა
|
IIუცხ.დაწყ.(II)4
|
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ზოგადი შინაარსის გაგება, კონკრეტული დეტალების ამოცნობა და კონკრეტული ინფორმაციის მოძიება.
| |
IIუცხ.დაწყ.(II)5
|
სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გასაადვილებლად.
| |
IIუცხ.დაწყ.(II)6.
|
მოდელის ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა ნასწავლი თემატიკის გარშემო და ელემენტარული ენობრივი საშუალებების გამოყენება,კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმებისადაცვა.
|
წერა
|
IIუცხ.დაწყ.(II)7
|
სათანადო სტრატეგიების გამოყენება ნაწერის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად.
| |
IIუცხ.დაწყ.(II)8.
|
სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
|
ლაპარაკი
|
IIუცხ.დაწყ.(II)9.
|
სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
| |
IIუცხ.დაწყ.(II)10.
|
სამეტყველო ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება.
| |
2. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
| ||
IIუცხ.დაწყ.(II)11.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
| |
3. მიმართულება: კულტურათა დიალოგი
| ||
IIუცხ.დაწყ.(II)12.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა, სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება და მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენა.
|
ბ) შინაარსი
შედეგების მიღწევა დაეფუძნება შემდეგ შინაარსს:
1. თემატიკა
ინდივიდი: პირადი მონაცემები, წარმომავლობა, სხეული, გარეგნობა, ტანსაცმელი;
ინდივიდის გარემოცვა: ოჯახი, ნათესავები, მეგობრები; ცხოველთა/ფრინველთა სამყარო; ბუნება/ბუნების მოვლენები; საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი, სოფელი; ამინდი; საყოფაცხოვრებო ნივთები; სკოლა/სასკოლო ნივთები, სასკოლო საგნები; სურსათი; დღესასწაულები / ზეიმები;
აქტივობები: ყოველდღიური საქმიანობა, განრიგი, გართობა, ჰობი, სპორტი, თამაშები;
ორიენტირები: წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, დღე და ღამე;
მახასიათებლები: ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა.
2. სოციოკულტურა და კულტურა
დღესასწაულები და ტრადიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული, მათი თავისებურებები, დეკორაციები, ტრადიციული კერძი, პერსონაჟები და სხვა;
კვება: მოზარდის ჩვეული საუზმე;
თავისუფალი დრო/გართობა/დასვენება: ტიპობრივი აქტივობები;
სასკოლო საგნები, სასკოლო კვირის განრიგი;
საკუთარი სახელები და კნინობითი ფორმები;
სახელმწიფო სიმბოლოები;
დედაქალაქი/ქალაქი და მისი რამდენიმე ღირსშესანიშნაობა.
3. ტექსტის ტიპები
ა) პრაგმატული ტექსტები: მითითება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, საჯარო წარწერა (გამაფრთხილებელი წარწერა, გაჩერების/მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელება, აბრა), ანკეტა, დღის/კვირის განრიგი, გაკვეთილების ცხრილი, ბილეთი, კატალოგი, სამარშრუტო გეგმა, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ღია ბარათი, მეგობრული წერილი, მარტივი შეტყობინება, ამინდის პროგნოზი.
ბ) სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) და ადაპტირებული ტექსტები:
თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები და სხვა;
ადაპტირებული სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან და სხვა.
გ) საბავშვო ლიტერატურა: ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, ადაპტირებული ზღაპრები.
დ) მულტიმედიური ტექსტები: კომიქსები, საბავშვო სიმღერები, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო რესურსები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო გადაცემები და სხვა.
4. ენობრივი საშუალებები
4.1. სამეტყველო აქტები
ინტერაქცია სოციალური ურთიერთობებისას: მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, მილოცვა, შეთავაზება, დახმარების თხოვნა, ნებართვის აღება/მიცემა;
ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად: პირადი მონაცემების (ვინაობა, წარმომავლობა, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გაცვლა; ადამიანის/ცხოველის/საგნის/საქმიანობის აღწერა/დახასიათება; თარიღის, საქმიანობის, ჯანმრთელობის, ამინდის გაგება;
ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ:მოწონება/არმოწონება; სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება, უარყოფა, აკრძალვა;
ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ: ემოციებისა (სიხარული, ბრაზი, წუხილი, გაოცება, შიში) და შეგრძნებების (ტკივილი, წყურვილი, შიმშილი, სიცივე, სიცხე) გამოხატვა;
ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ: დროის მითითება, ადგილმდებარეობისა და მიმართულების მითითება.
4.2. გრამატიკა
დაწყებით საფეხურზე ენობრივი საკითხების სწავლება ხორციელდება პრაქტიკული აქტივობებით აბსტრაქტული ტერმინების, წესებისა და თეორიული განმარტებების გარეშე. მოსწავლეებმა კონტექსტში უნდა ამოიცნონ და გამოიყენონ საკომუნიკაციო მიზნის განსახორციელებლად საჭირო შემდეგი გრამატიკული საშუალებები:
დროისა და კილოს გამომხატველი ზმნის ფორმები;
ადგილმდებარეობის, მიმართულებისა და დროის გამომხატველი მარტივი ენობრივი საშუალებები (მაგ.: ზმნიზედა, წინდებული, შესიტყვება);
სინტაქსური მიმართებები მარტივი წინადადების წევრებს შორის (მაგ.: ზმნისა და არსებითი სახელის შეთანხმება პირსა და რიცხვში; არსებითი და ზედსართავი სახელების შეთანხმება რიცხვში/სქესში);
სიტყვათა რიგის დაცვა მარტივ გაუვრცობელ და გავრცობილ წინადადებაში.
ენობრივი საშუალებების დეტალური აღწერა ენების მიხედვით იხილეთ დანართში: „სარეკომენდაციო შინაარსი უცხოური ენებისათვის, V-VI კლასები“.
Комментариев нет:
Отправить комментарий